საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმმა შუალედური შეხვედრა გამართა და ახალგაზრდული ფორუმი ჩამოაყალიბა

2022 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმმა შუალედური შეხვედრა გამართა. შეხვედრა სასტუმრო „პულმანში (Axis Towers)“ შედგა, ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერის ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდენ საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის წევრები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, აკადემიური სფეროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის კოორდინატორმა, უჩა სეთურმა, წარადგინა ფორუმის 2020-2021 წლების ანგარიში, მონაწილეებმა ისაუბრეს ინტერნეტის, ინფორმაციული ქსელების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ამ მიმართულებებით წიგნიერების აუცილებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამავდროულად, ღონისძიებაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის დღესა და ღონისძიების ჩატარების დეტალებზე.
მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის ფარგლებში, დაარსდა საქართველოს ახალგაზრდული ინტერნეტმმართველობის ფორუმი, განისაზღვრა ფორუმის მმართველი ორგანოები და ხელი მოეწერა ფორუმის დამფუძნებელ დოკუმენტს. ახალგაზრდული ფორუმის დამფუძნებლებს შორის, არიან როგორც სახელმწიფო და კერძო უწყებები, ისე აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ფორუმის აქტიურ მუშაობას და სამუშაო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას.

ფოტო გალერეა