ლონდა თოლორაია
სახელმწიფო ინსპექტორი
ლონდა თოლორაიას საჯარო სამსახურში საქმიანობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს.
კარიერა საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გზით დაიწყო და 2007-2018 წლებში ამ სისტემაში სხვადასხვა, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებისა და პრაქტიკაში დანერგვის პროცესში. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის, „ადგილობრივი საბჭოს“ პროექტის, გამოძიების ელექტრონული პროგრამის, ასევე, პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვა.
2018 წლიდან საქმიანობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გააგრძელა, სადაც მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი. დეპარტამენტის ფუნქციად განისაზღვრა გამოძიების ხარისხის მონიტორინგი ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგისა და არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულებზე. დეპარტამენტის შექმნიდან 1 წელში, დეპარტამენტის საქმიანობა საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეფასდა დადებითად.
ლონდა თოლორაია 2019 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული იქნა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე, სადაც მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს იძიებს.
2002-2006 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობაზე, ხოლო 2006-2008 წლებში მას მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი.
სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელსა და სასწავლო ცენტრში, მიწვეული ლექტორისა და ტრენერის სტატუსით, ეწევა აკადემიურ საქმიანობას.