2022 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმის(IGF) შუალედური შეხვედრის ფარგლებში, აკადემიური სფეროს, საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენლებმა, ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი(YouthIGF) დააფუძნეს. ამავდროულად, დამფუძნებელმა წევრებმა განსაზღვრეს ფორუმის მმართველი ორგანოები და ხელი მოაწერეს ფორუმის სადამფუძნებლო დოკუმენტს. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ინტერნეტ მმართველობის რიგით მერვე ფორუმის – GeoIGF 2022-ის ჩატარების თარიღად 2022 წლის 19-22 ნოემბერი განისაზღვრა.
ფორუმის დამფუძნებელ წევრებს შორის არიან სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ფორუმის მიზანია ინტერნეტ-სფეროს, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების საკითხებზე დიალოგისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა. ფორუმი გაიმართება წელიწადში ერთხელ, ინტერნეტმმართველობის ფორუმის ფარგლებში, წლის განმავლობაში კი სამუშაო პროცესი დაეთმობა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და ინტერნეტის საკითხებზე განხილვებში ჩართულობის გაძლიერებისკენ მიმართულ აქტივობებს.
IGF-ის კოორდინატორია მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA), ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კომუნიკაციების კომისია და ინტერნეტ საზოგადოება საქართველო(ISOC Georgia). ღონისძიების ინსტიტუციური მხარდამჭერია ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.